20 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილებაზე აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობასა და მომავალს.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც "ქართული ოცნება მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI Georgia)
  3. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  5. სამოქალაქო მოძრაობა — სირცხვილია (Shame movement)
  6. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. საფარი
  9. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  11. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  12. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  13. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  14. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  15. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  17. ევროპის ფონდი (EPF)
  18. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  19. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  20. უფლებები საქართველო (RG)

რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, ბრალი კი ტრადიციულად ოპოზიციას დასდო. შესაბამისად, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს