მთვარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაციით, საგადასახადო სამსახური დღეს ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში ინვენტარიზაციის მოთხოვნით შევიდა. ფინანსთა სამინისტროში On.ge-ისთან მხოლოდ ის თქვეს, რომ ამჟამად შემთხვევით შერჩეული 500 კომპანიის შემოწმება მიმდინარეობს და კანონის მოთხოვნის გამო, კონკრეტულ კომპანიაზე ვერაფერს იტყვიან.

გვარამია პოსტში წერს, რომ საგადასახადომ რეიტინგების მთვლელ კომპანიას ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა მოსთხოვა.

"რომ იცოდეთ, ეს რას ნიშნავს — სრულიად გასაიდუმლოებულია ეს ბაზა ყველგან და ყოველთვის. მისი გახსნა ნიშნავს რეიტინგებით მანიპულირების შეუზღუდავ შესაძლებლობას, შესაბამისად, ჩვენი შემოსავლებისთვის აუცილებელი მონაცემის გაყალბებას. ცხადია, არა ჩვენს სასარგებლოდ", — წერს გვარამია.

მეორე პოსტში კი, წერს საგადასახადო სამსახურის შესვლის შესახებ იმ სარეკლამო კომპანიებში, რომლებიც, მისი თქმით, მთავარი არხის ყველაზე მეტ რეკლამას ყიდიან და შესაბამისად, ყველაზე მსხვილი ფულის შემტანნი არიან ტელევიზიაში.

27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ეს არის სტანდარტული შემოწმება, რომელიც 500 კომპანიას მოიცავს და შესამოწმებელი კომპანიების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით ხდება. იგივე შინაარსის განცხადება დაპოსტა ფინანსთა მინისტრმაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.