კონკურს ლიტერაში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთმა მონაწილემ, ნატალია ავალიანმა თქვა. 26 ივლისს ლიტერატურული პრემია ლიტერას გრძელი სია გამოქვეყნდა, სადაც "წიგნის დიზაინის" კატეგორიაში ნატალია ავალიანი ორჯერ მოხვდა.

გადაწყვეტილების შესახებ დიზაინერმა ინფორმაცია ფეისბუქზე გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ მისი პროტესტი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიემართება და არანიარ კავშირშია უშუალოდ მწერალთა სახლთან:

"მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი.

ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი ლიტერას მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და მწერალთა სახლს. და სრულიად საქართველოს".

ლიტერას კონკურსში "წიგნის დიზაინის" კატეგორიაში ნატალია ავალიანის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი წიგნებისთის ლაბირინთი მანუელისთვის და დამწყები.

ფოტო: ნატალია ავალიანი

ფოტო: ნატალია ავალიანი

აქამდე თავიანთი ნაწარმოებები ლიტერას გრძელი სიიდან მწერლებმა, ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა, ამოიღეს. მათი ბოიკოტის მიზეზიც კულტურის სამინისტრო და თეა წულუკიანი გახდა.

ტორესა მოსიმ კულტურის სამინისტროს ბოიკოტი ჯერ კიდევ 22 ივლისს გამოუცხადა, როდესაც თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა მთავარი არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. წულუკიანი ჟურნალისტს უთხრა: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.

ლიტერას კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული. ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა ფარული კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია, ხოლო 6 ნომინაციიდან თითოეულში გამარჯვებული ფულად პრემიას, 5 000 ლარს, მიიღებს.

პრემია ლიტერა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა 6 ნომინაციაში:

  1. წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
  2. წლის საუკეთესო რომანი;
  3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
  4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა;
  5. წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი;
  6. წლის საუკეთესო დებიუტი.

კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს, გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.