საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით, პირდაირ ხელი შეუწყო მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ეს იყო ქართული ოცნების გეგმა, ძალიან სამწუხაროა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. როდესაც ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საბაბად, საბაბი არ უნდა მისცე შენს მოწინააღმდეგეს იმისათვის რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.