საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს თავმჯდომარე, ეკა გიგაური ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტის ანულირებით ქართულმა ოცნებამ პირდაპირ უთხრა ხალხს, რომ მათ უარი თქვეს საქართველოს ევროპულ მომავალზე.

"მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ პირდაპირ გვითხრა, რომ მათ უარი თქვეს საქართველოს ევროპულ მომავალზე იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს დოკუმენტი არ იყო განხილული როგორც მხოლოდ პარტიებს შორის შეთანხმება, ეს იყო ქვეყნის წინსვლის გზა. იქ გაწერილი თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულიყო კონკრეტული რეფორმები და გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩამოგვაყალიბებდა, როგორც უფრო მეტად ევროპულ სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურით და ა.შ. ამიტომ ამაზე, ყველაფერზე უარი თქვა ქართულმა ოცნებამ პირდაპირ. რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ამ დოკუმენტში მოცემული ვალდებულებები მათ შეასრულეს, ეს არ არის ასე. ზოგი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს და ზოგი საერთოდ არ შეასრულეს, ამიტომ ამაზე საუბარი არასერიოზულია, მე მგონია და იმ შემთხვევაში, თუკი მათ ჰგონიათ, რომ ეს შეთანხმება შეასრულეს, რატომ გადიან შეთანხმებიდან, რატომ აკეთებენ ანულირებას. ამიტომ, ეს ასე არ არის და ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავთ", — ამბობს გიგაური.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცუდ გავლენას მოახდენს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქართული ოცნებისთვის ევროპისკენ სწრაფვა არის მხოლოდ საუბარი, სიტყვები და რეალურად ისინი ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. ცხადია ეს ყველაფერი ცუდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა თქმა უნდა, პოლარიზაცია გაიზრდება. ჩემი მოლოდინია, რომ ძალიან ცუდი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები გვექნება. მათი კეთილი ნებით რომ წყდება ამ ქვეყანაში ყველაფერი, ეს არის ის, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე პარტიის კეთილი ნებით გადაწყდეს. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კონკრეტული კანონით ხელმძღვანელობენ თანამდებობის პირები", — ამბობს TI-ს თავმჯდომარე.

ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია. ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.