მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არცთუ ბევრი შესაძლებლობაა სპორტული ინიციატივების წასახალისებლად, არსებული პროგრამები კი ხარვეზებითაც გამოირჩევა, ეს ახალგაზრდების მოტივაციასა და მიღწეული წარმატებების რიცხვზე გავლენას ნამდვილად არ ახდენს. განსაკუთრებით საინტერესო და დასაფასებელია იმ სპორტსმენების მოწადინება, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და ვარჯიშობენ — გასულ წელს ქალთა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მანამდე ოლიმპიური მედლების დიდი ნაწილი გორელ მოჭიდავეებს ხვდათ წილად.

რეგიონებში კიდევ ბევრი აღმოსაჩენი ტალანტია. ერთ-ერთი მათგანი რაგბის კლუბი სოხუმია, რომელიც ამ სპორტის სახეობით დაინტერესებულ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს აერთიანებს. 2017 წელს დაფუძნებულმა კლუბმა, რომელიც იმჟამად 9-10 წლის ბავშვებს მოიცავდა, მალევე მოახერხა წარმატებული კარიერის დაწყება — პირველ ორ წელიწადში თუ 38 თამაშიდან გუნდმა 20-ის მოგება მოახერხა, ბოლო ორ წელში ჩატარებული 25 თამაშიდან 21 ტრიუმფით დაამთავრა და პრესტიჟულ ტურნირში გამარჯვებაც შეძლო.

თუმცა, გამარჯვებების მატებასთან ერთად, კლუბის წევრების ამბიციური სულისკვეთებაც იზრდება. ისინი ფიქრობენ, რომ გუნდმა მათ მეგობრები და "მეორე ოჯახი" შესძინა, შეუწყო ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესში ჩართვაშიც, მაგრამ კლუბის რამდენიმე წევრს სხვა მიზნებიც აქვს; უფრო სწორად, მათი სამომავლო გეგმები ერთ კონკრეტულ მიზანს უკავშირდება.

"ეროვნულ ნაკრებში მინდა თამაში", — ამბობს სოხუმის არაერთი წევრი.

ფოტო: რ.კ. სოხუმი

როგორც შედეგებით ჩანს, მათ ამისთვის მონდომება ნამდვილად არ აკლიათ, რასაც ვერ ვიტყვით იმ პირობებზე, რომლებშიც მოზარდებს უწევთ ვარჯიში. დაარსებიდან დღემდე სავარჯიშო ადგილი სპორტკომპლექსის მიმდებარე მოედანია. კლუბს არ აქვს არც გასახდელი.

ამის მიუხედავად, მწვრთნელი და მენეჯერი კლუბის წარმატებისთვის სვლას ცდას არ აკლებენ. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, გუნდში "ჯანსაღი ღირებულებების" ჩამოყალიბებაცაა მნიშვნელოვანი. ვარჯიშს მოზარდები აქტიურ მოქალაქეობასაც უთავსებენ — მონაწილეობას იღებენ დასუფთავების აქციებში, დამღლელი დღისა და ვარჯიშის შემდეგ კი თავს წიგნის კითხვით ირთობენ.

ფოტო: რ.კ. სოხუმი

ფოტო: რ.კ. სოხუმი

თუმცა, მეტის გაკეთება რომ საჭირო და შესაძლებელია, ეს ცხადია. გუნდი დღემდე შემოწირულობების წყალობით არსებობს, მაგრამ საჭიროებების დასაკმაყოფილებელი რესურსები რომ არასაკმარისია, ამაზე პირობებიც მეტყველებს.

მიუხედავად ამისა, 2021-2022 სეზონისათვის მხოლოდ აუცილებელი ხარჯებია გათვალისწინებული: მწვრთნელების და მენეჯერის ანაზღაურება, ფორმებისთვის, რეგიონულ ტურნირებზე მოგზაურობისა და კვებისთვის საჭირო თანხა. ამ ყველაფერს, როგორც გუნდში აფასებენ, 38 ათასი ლარი სჭირდება.

გუნდს კი კვლავ კეთილისმსურველების, საკუთარი ენთუზიაზმის და შემართების იმედი აქვს.

ანგარიშის ნომერი: GE82TB7514936020100004
მიმღები: შპს რაგბის კლუბი სოხუმი