ლენტეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სატრანსპორტო გზა ჯერ არ გახსნილა. ამასთან, ორ სოფელს, ტვიბსა და ბავარს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

27 ივლისის სტიქიის შემდეგ, ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი ცენტრალურ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა On.ge-ს უთხრა, ამ დროისთვის გახსნილია ცენტრალური გზა.

"დარჩენილია 6 სოფელი, რომელშიც საავტომობილო გზა არ არის აღდგენილი. საცალფეხო გზები სოფელში მისასვლელად არის, თუმცა ვერ მოძრაობს ტრანსპორტი. ცენტრალული გზა გახსნილია და დამატებით მუშაობს ტექნიკა, შიდა სასოფლო გზებზეც დაწყებულია მუშაობა", — ამბობს ლენტეხის მერი On.ge-სთან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ წუთებში არ წვიმს და მიმდინარეობს სამუშაოები.

27 ივლისსს, გამთენიისას, ოთხსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზემოთ არსებული სამი თემის 25 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. უხვმა ნალექმა მდინარე ცხენისწყლის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა ქვესადგურები წაიღო და ოთხ სოფელს დენი არ მიეწოდებოდა. წყალმა, ასევე, წაიღო სამი შიდა სასოფლო ხიდი.