"ჩვენ ჟურნალისტებს მხარს ვუჭერთ. მომხდართან მიმართებაში აუცილებელია, რომ ძალადობის თითოეული ფაქტი გამოიძიონ და შესაბამისი შედეგები დადგეს", — განაცხადა კულტურის სამინისტროს ღონისძიებაზე მისულმა საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"დარწმუნებული ვარ, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. აუცილებელია, მედიის თავისუფლად მოქმედების საშუალება ჰქონდეს", — აცხადებს დიეგო კოლასი. [მთავარი არხის თარგმანი]

მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია, თავდასხმა და ცინიკური დამოკიდებულების გამოხატვა უკვე თითქმის ყოველ დღე ხდება. ჟურნალისტებს თავს ესხმის არამხოლოდ მოქალაქეთა ნაწილი, არამედ მმართველი გუნდის წევრები, მათ შორის, მინისტრი თეა წულუკიანი.

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიამ საპროტესტო აქციები დაიწყო და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა, ქართულმა ოცნებამ კი კრიტიკულ ტელევიზიებს ბოიკოტი გამოუცხადა და კოლეგის სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს, რაც დაუშვებელია.