თბილისის მერი და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ გაკრულ ჰომოფობიურ ანტიოპოზიციურ პლაკატებთან კავშირს უარყოფს. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება, პოლიტიკური შეხედულების და კუთვნილების მიუხედავად.

კალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატის თავისუფლება და ჰომოფობიური ანტიოპოზიციური პლაკატების შინაარსი არ გაუკრიტიკებია. მისი თქმით, პროტესტის გამოსახატად არის უამრავი საშუალება, ქალაქის იერსახის დამახინჯება კი კანონდარღვევაა.

"დაუშვებელია კანონის სრული უგულვებელყოფით შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს ან როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდარღვევა იქნება დაჯარიმებული", — განაცხადა კახა კალაძემ.

მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ პლაკატების გაკვრა მის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირეს და აღნიშნა, რომ ძალადობას ემიჯნება. მისი თქმით, არ სჭირდება ძალადობრივი კამპანია.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით — "არა ნაცებს, არა ბოროტებას", თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახულია არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. გარდა ამისა, პლაკატზე არის ცისარტყელაც. დამკვეთი ოფიციალურად უცნობია, თუმცა პლაკატებზე გამოსახულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. On.ge ამ საკითხზე მმართველ პარტიას დაუკავშირდა, სადაც ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არაფერ შუაში არიან.

წარწერა "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.