როცა ქართველი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე გამოდიან, არაერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ მცირერიცხოვანი მოსახლეობის მიუხედავად, ქვეყანას მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები აქვს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წელზე მეტია, რაც არსებობს, ქვეყანა კი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წელს უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია 35 სპორტსმენს მოიცავს, რომელიც სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც აქტიურად ცდილობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას.

ახლა, როცა ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და ქართველ სპორტსმენებს ყოველდღიურად კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტები აქვთ, ყველანი მოუთმენლად ველოდებით მათ კიდევ ერთ გამარჯვებას. ამიტომაც, განწყობის უფრო ასამაღლებლად, შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ ჩვენი სპორტული მიღწევებისა შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს.

1. პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი 2004 წელს მოვიპოვეთ

ფოტო: Getty Images

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ოლიმპიურ თამაშებზე 1994 წლიდან მონაწილეობს, 1996 წელს კი უკვე პირველი მედლების მოპოვებაც შეძლო. ატლანტის თამაშებზე სოსო ლიპარტელიანმა ძიუდოში, ელდარ კურტანიძემ კი ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლები მიიღეს. თუმცა, პირველი ოქროს სიხარული ათენის ოლიმპიადაზე, 2004 წელს განვიცადეთ.

ქართველმა ძიუდოისტმა, ზურაბ ზვიადაურმა, 90კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედალთან და დაფნის გვირგვინთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაც მიიღო.

2. ...თუმცა ქართველი სპორტსმენები მანამდეც წარმატებულად ასპარეზობდნენ

ოლიმპიური ჩემპიონი და ამჟამად საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე.

ფოტო: Sputnik Library

როგორც უკვე ვთქვით, დამოუკიდებელმა საქართველომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პირველად 1994 წელს მიიღო, ორი წლით ადრე კი ახლადდაშლილი საბჭოთა კავშირის გაერთიანებულ გუნდში იყო წარმოდგენილი. თუმცა, მანამდე, თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ქართველ სპორტსმენებს საბჭოთა ათლეტების სახელით უწევდათ ასპარეზობა. ამის მიუხედავად, მათ არც წარმატების მიღწევა გასჭირვებიათ და არც მსოფლიოსთვის ქართული სპორტის გაცნობა; 1952 წლის ჰელსინკის თამაშებიდან მოყოლებული საქართველოდან გაგზავნილმა სპორტსმენებმა, ტრადიციულად, ჭიდაობაში მიღწეულ წარმატებებთან ერთად ისეთ სახეობებშიც შეძლეს ოქროს მედლების მოპოვება, როგორიც ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ფრენბურთი და ფარიკაობაა.

3. ოლიმპიური მედლების ნახევარზე მეტი ჭიდაობაში გვაქვს მიღებული

ფოტო: EPA

თუკი მედლების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ყველაზე წარმატებულად სწორედ ჭიდაობაში ასპარეზობს. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს ჯამში 17 მედალი აქვთ მოპოვებული, აქედან სამი კი ოქროა.

ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიაა, რომელმაც ეს სტატუსი 2008 წლის პეკინის თამაშებზე მიიღო. თავისუფალი სტილის ჭიდაობაში კი 2008 წელს ჯერ რევაზ მინდორაშვილმა მიიღო ოქროს მედალი, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეძლო ასპარეზობის ტრიუმფით დამთავრება.

4. სიმძიმეებთან ერთად, ძალოსნობაში ოქროს მედლებიც ავწიეთ

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ჭიდაობისა და ძიუდოს გარდა, ძალოსნობა სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი აქვთ მოპოვებული. ამ სახეობაში დიდი წარმატებით ასპარეზობდნენ გასული საუკუნის ქართველი სპორტსმენებიც, თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალოსნობაში პირველი ოქროს მედალი 2008 წელს მიიღო გიორგი ასანიძემ. მოგვიანებით კი, 2016 წელს, ლაშა ტალახაძემ 105 კილოგრამთან ერთად კიდევ ერთი ოქრო ასწია. ლაშა, სხვათა შორის, წლევანდელი თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი მედროშე იყო.

5. ოლიმპიური მედალი, არც მეტი, არც ნაკლები, კრივში მოვიპოვეთ

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

კრივი ერთ-ერთია სპორტის იმ სახეობათაგან, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე განსაკუთრებით დაძაბული და "დაუნდობელი" შეჯიბრებით გამოირჩევა. შესაბამისად, ამ სახეობაში მოპოვებული ერთადერთი მედალიც ძალიან დასაფასებელია — 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მოპოვება ქართველმა მოკრივემ, ვლადიმერ ჭანტურიამ შეძლო.

6. რეგიონები ჩემპიონების საბადოა

ფოტო: Lasha Kuprashvili

მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევაში, რეგიონში მყოფ სპორტსმენებს ნაკლები პირობა აქვთ მოსამზადებლად, მათ ეს წარმატებაში დიდად არ უშლის ხელს. რეგიონების მაგალითზე საუბრისას განსაკუთრებულად შეიძლება გამოიყოს გორი, რომელმაც არაერთი ჩემპიონი შესძინა თანამედროვე ქართულ სპორტს. მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონები ლადო ხინჩეგაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი, ასევე ევროპის ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი.

7. საქართველოს ყველაზე წარმატებული ასპარეზობა ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდს უკავშირდება

ფოტო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

2008 წლის 8 აგვისტოს მსოფლიოში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა დაიწყო — პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და რუსეთ-საქართველოს ომი. ამ განსაკუთრებით სტრესული პირობების მიუხედავად, ქართული ოლიმპიური ნაკრების ასპარეზობის ყველაზე წარმატებულ წლად მაინც 2008 მიიჩნევა, როცა ჩვენმა სპორტსმენებმა 7 მედლის მოპოვება შეძლეს. მართალია, ამავე რაოდენობის ტიტული საქართველომ 2016 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა, თუმცა, პეკინის თამაშებზე ქართველმა ათლეტებმა სამი, ხოლო რიოს შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი მიიღეს.

8. ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობით უპრეცედენტო ფენომენი შექმნა

ფოტო: საქართველოს ბანკი / Facebook

ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს დროშა გახსნის ცერემონიაზე ქართველ მიზანში მსროლელსა და ასევე ოლიმპიურ ჩემპიონს, ნინო სალუქვაძეს, ეკავა. 52 წლის სპორტსმენი, რომელსაც სამი ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, პირველი ქალი ათლეტი გახდა, ვინც ოლიმპიურ თამაშებში მეცხრედ მიიღო მონაწილეობა.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის თამაშებზე შედგა, როცა მან ოქროს და ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო. ამის შემდეგ იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას ოლიმპიურ შეჯიბრებაში, წელს კი, ეს რიცხვი რეკორდული გახდა — სალუქვაძემ ოლიმპიურ სარბიელზე მეცხრედ გაიარა. სპორტსმენმა კარიერის განმავლობაში ჯამში 86 მედალი მიიღო.

9. 2016 წელს ქართველი სპორტსმენი პირველად გახდა პარაოლიმპიური ჩემპიონი

ფოტო: International Judo Federation

პარაოლიმპიური თამაშები ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც რეალურად არის ადამიანებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების ჩვენების საშუალება. საქართველოს დებიუტი პარაოლიმპიადაზე კვლავაც პეკინის თამაშებს უკავშირდება, როცა მძლეოსნობაში იაგო გორგოძემ მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, პირველი და ამ დროისათვის ბოლო გამარჯვება 2016 წელს ვიზეიმეთ, როცა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. ამავე წლის პარაოლიმპიადაზე ცნობილი ქართველი მოფარიკავე, ირმა ხეცურიანიც მონაწილეობდა, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიო თასის არაერთგზის გამარჯვებულია.

10. ლაშა ბექაური ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია

ფოტო: ძიუდოს ფედერაცია

28 ივლისს ლაშა ბექაური პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. იგი ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულა. 21 წლის ძიუდოისტი, რომელიც 90კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიცაა.


2020 წლის ოლიმპიური თამაშები კი კვლავ მიმდინარეობს. მასშტაბური შეჯიბრება 8 აგვისტოს დაიხურება; ოლიმპიადა ამჯერად მცირე ხნით, 2024 წლამდე დაგვემშვიდობება. მანამდე კი, გზა სულ არის, არ გაჩერდნენ ქართველი სპორტსმენები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ კი, არ შევწყვიტოთ მათი გულშემატკივრობა.