საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებმა, ფაქტობრივად, ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საზოგადოების პოლარიზების ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების განცხადებებსა და ქმედებებს აქვს.

"სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ", — ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატში ყურადღებას ამახვილებენ სამართალდამცველი უწყებების მუშაობის ეფექტიანობაზე. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, ამ უწყებას ამ დრომდე არ გამოუვლენია 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.

"აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებების დაცვა და ძალადობის ფაქტების პრევენცია სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიონ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და დასაჯონ მთავარი პასუხისმგებლები პირები. ასევე, მოუწოდებენ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი, რათა არ მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია.

დღეს, 27 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოქალაქე დავით ბაძგარაძე განსაკუთრებული აგრესიისით ფორმულას ჟურნალისტის მიმართ გამოირჩეოდა, რომელსაც უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს იმ ტელევიზიაში მუშაობა, რომელიც დავით კეზერაშვილის დაფინანსებულია.

გუშინ, 26 ივლისს, მთავარი არხის ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მას სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ჟურნალისტი ამბობს, რომ 5 ივლისის შემდეგ დაცულად არ გრძნობს თავს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

გაიგე მეტი: