ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით", — აცხადებენ ისინი.

მათივე განცხადებით, ამ მიდგომით მიმდინარე წლის ივლისში შეარჩიეს დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის მთავარი არხის მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას.

"გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას", — აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ასევე, ამბობს, რომ "მთავარი არხის მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ისახავს მიზნად".