ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია საწვავისა და ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე. ენერგოსექტორი გლობალურ ეკონომიკას ამოძრავებს და ადამიანების ცხოვრების დონეზე უზარმაზარ გავლენას ახდენს.

ენერგეტიკის სექტორში შედიან კომპანიები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს აწარმოებენ:

განახლებადი ენერგია

ფოტო:
RawFilm / Unsplash

აქ შედიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას განახლებადი რესურსების გამოყენებით აწარმოებენ. ასეთი რესურსი შეიძლება იყოს მზის, ქარის, წლისა და სხვა სახის ენერგიები. ენერგეტიკაში განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა საკმაოდ აქტუალურია, რადგან ქვეყნების უმრავლესობას სურს ისე აწარმოოს ენერგია, რომ დედამიწა მინიმალურად დააზარალოს — შესაბამისად, ისეთი რესურსების გამოყენება, როგორებიც არიან მზე და ქარი, ეკომეგობრული ენერგიის გამომუშავების საშუალებას იძლევიან.

მზის ენერგია

ფოტო:
Markus Spiske / unsplash

ეს განახლებადი ენერგიის ქვეჯგუფად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მზის ენერგიის გამოყენება მსოფლიოში თანდათან უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ამ სექტორში შემავალი კომპანიები, ძირითადად, მზის პანელების წარმოებითა და მათი მომხმარებლებისთვის შეთავაზებით არიან დაკავებულნი. ის ფირმები, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან, თავს ბევრი რამით იწონებენ — დაწყებული იმით, რომ მათი ნაწარმი ბუნებას მინიმალურად აზიანებს და დასრულებული იმით, რომ ენერგიის ამ ინოვაციური მეთოდით გამომუშავება საკმაოდ ეკონომიურია მომხმარებლებისთვის.

ნავთობი

ფოტო: Jan-Rune Smenes Reite / Pexels

ნავთობკომპანიები ნედლი ნავთობის აღმოჩენაზე, მოპოვებასა და რეალიზაციაზე არიან კონცენტრირებულნი. ნავთობს შავ ოქროსაც უწოდებენ. ქვეყნები, რომლებიც ამ ბუნებრივ რესურს ჭარბად ფლობენ საკმაოდ მდიდრები არიან.

გარდა ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ენერგოსექტორში შედიან კომპანიები რომლებიც მოიპოვებენ და ყიდიან ბუნებრივ და თხევად აირებს. ასევე, ამ სექტორს მიეკუთვნებიან კომუნალური ფირმები, რომლებიც ელექტროენერგიის მომხმარებლებამდე მიტანით არიან დაკავებულნი.

შესაძლებელია ითქვას, რომ ენერგოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის ხერხემალია. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმაში, თუ რამდენად გამართულად იმუშავებენ ეკონომიკის სხვა სექტორები. ეს ინდუსტრია ყოველთვის ინვესტორების ყურადღების ცენტრშია.

ინვესტირება ენერგეტიკის სექტორში

ფოტო: Pixabay / Pexels

ენერგეტიკის სექტორი არ არის მარტივი ინდუსტრია ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით ეს გაზის და ნავთობის კომპანიებს ეხებათ. აქ ფასები თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს როგორ ენერგეტიკის სექტორზე, ასევე გლობალურ ეკონომიკაზე.

ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა Covid-პანდემიის დასაწყისში. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სახლში დაჯდა და ადამიანთა მობილობა უკიდურესად შემცირდა, ნავთობზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო. მოთხოვნის შემცირების პარალელურად ნავთობკომპანიების ნაწილის აქციების ფასები დაეცა, რის გამოც რამდენიმე მათგანი გაკოტრდა კიდეც.

იმის გამო, რომ ენერგეტიკის სექტორის კომპანიების მუშაობაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, ინვესტორებს, რომლებსაც ამ ინდუსტრიაში ფულის ჩადება სურთ, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევთ. ინვესტორი უნდა ეცადოს, რომ ენერგეტიკის სექტორის კონკრეტულმა აქციამ არ დაიკავოს მისი პორტფელის დიდი ნაწილი, სხვა სიტყვებით ამას დივერსიფიცირებას უწოდებენ. ასევე, მან უნდა გათვალოს ის, თუ რამდენად შეძლებს კონკრეტული კომპანია შესაძლო მოსალოდნელ რისკებთან გამკლავებას და მხოლოდ ამის შემდეგ დააბანდოს მასში ფული.

თუ გვსურს გავიგოთ, რამდენად მყარად დგას კომპანია ფეხზე, მის ფინანსურ მაჩვენებლებში უნდა ჩავიხედოთ. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას საწარმოო ხარჯები ოპტიმალურად ჰქონდეს დალაგებული. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს დადებითი საკრედიტო რეპუტაცია. თუ ფირმა დივიდენდებსაც გასცემს, ეს მის შეფასებაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

ამ მახასიათებლების მქონე კომპანია კრიზისებსაც გადალახავს და ყველა გამოწვევიდან გამარჯვებული გამოვა. ასევე, მაშინ როდესაც ინდუსტრია გლობალური რისკების წინაშე აღმოჩნდება, ის დაჯაბნის კონკურენტებს და ეს მას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკები

ფოტო:
Dan Meyers / Unsplash

როგორც უკვე აღინიშნა, ენერგეტიკის სექტორი გლობალური ეკონომიკის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის დიდი დოზით იჯაჭვება სხვა ინდუსტრიებთან, რის გამოც მასზე მოთხოვნა, როგორც წესი, მაღალია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ამ სექტორით ინვესტორები ინტერესდებიან — მათ კარგად ესმით, რომ ენერგია საჭიროა ყველაფერში, პროდუქციის წარმოებასა, თუ უბრალოდ გადაადგილებისთვის.

იმის გამო, რომ ენერგეტიკის სექტორი სხვა ინდუსტრიებს მკვეთრად უკავშირდება, ამ სექტორებში მიმდინარე პროცესები ენერგიის მოთხოვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემები გლობალურ ეკონომიკაშია, როგორც ეს Covid-პანდემიის დასაწყისში იყო, ენერგეტიკის სექტორი დიდ დარტყმებს განიცდის. აქ იკვეთება რისკის ის დონე, რომლის გაწევაც ინვესტორებს ამ ინდუსტრიაში ფულის ჩადების შემთხვევაში უწევთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსებში თითქმის ყველა რისკის დათვლა და დაზღვევაა შესაძლებელი — ამას უბრალოდ სწორი ანალიზი სჭირდება.

ინვესტორმა, რომელსაც ფულის ჩადება ენერგეტიკის სექტორში სურს, ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც კრიზისებთან გამკლავება შეუძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ინვესტორი დაინტერესდეს განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ფირმებით, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით აწარმოებენ ენერგია და ბუნებას მინიმალურ ზიანს აყენებენ — თანამედროვე სამყაროსთვის ენერგიის გამომუშავებისა და გამოყენების ეს ფორმა ძალიან მიმზიდველია.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.