ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყურადღება ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდმა მიიპყრო, რომლის წევრებმაც ბულგარეთში მიმდინარე ჩემპიონატზე სავალდებულო ბიკინის ქვედატანის ჩაცმაზე უარი განაცხადეს. ქალებმა თამაშისას კომფორტული ტანსაცმელი — "შორტები" მოირგეს, რის გამოც ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გუნდი "შეუსაბამო" ჩაცმულობის მიზეზით €1 500-ით დააჯარიმა.

ამ ინციდენტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ისინი ფრენბურთის ფედერაციას სექსიზმში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ქალებმა ის უნდა ჩაიცვან, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობენ. ქალების გადაწყვეტილებას მხარი საჯაროდ მომღერალმა Pink-მაც დაუჭირა და მათ ჯარიმის გადახდა შესთავაზა.

საზოგადოების მხარდაჭერას ახლახან გუნდის წევრები გამოეხმაურნენ:

"აღმაშფოთებელია, რომ ჯარიმა ტრუსებში თამაშზე უარის თქმის გამო უნდა გადავიხადოთ... სისულელეა, თუმცა ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ", — ამბობს გუნდის წევრი ტონიე ლერსტადი.

ტონიეს თქმით, გუნდის წევრებისთვის ფედერაციის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან მატჩამდე ფედერაციამ გააფრთხილა, რომ წესების დარღვევის გამო აუცილებლად დაჯარიმდებოდნენ. ფედერაციის გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, გუნდი მომღერალ Pink-ის გამოხმაურებამ ნამდვილად გააოცა.

"ძალიან ვამაყობ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდით, რადგან მათ გააპროტესტეს მათი 'უნოფორმის' შესახებ არსებული სექსისტური წესები. ევროპის ხელბურთის ფედერაცია სექსიზმის გამო უნდა დაჯარიმდეს. ყოჩაღ, ქალებო! დიდი სიამოვნებით გადავიხდი თქვენს ჯარიმას. ეგრე გააგრძელეთ", — წერს Pink ტვიტერზე.

"სრული სიგიჟეა. გაოგნებულები ვიყავით, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინებაა და ამას ძალიან ვაფასებთ... ჯარიმის გადახდა საჭირო არაა, თუმცა შეუძლია, ბილეთები მოგვცეს, რომ ერთმანეთს მის კონცერტზე შორტებში ჩაცმულნი შევხვდეთ", — ამბობს ტანიე.

ტანიემ აღნიშნა, რომ გუნდს ჯარიმის გადახდა უამრავმა ადამიანმა შესთავაზა. მისი თქმით, ნორვეგიის ქვიშის ფრენბურთის ქალთა გუნდის მაგალითს უამრავი სხვა გუნდი გამოეხმაურა, ამიტომ იმედს იტოვებს, რომ მომავალ წელს წესები შეიცვლება.

გუნდის წევრების მიერ ბიკინის ქვედატანის ნაცვლად "შორტების" ჩაცმას მხარი თავად ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამაც დაუჭირა და განაცხადა, რომ ჯარიმას ფედერაცია გადაიხდიდა.

"ნორვეგიის ხელბურთის ფედერაცია თქვენ გვერდითაა და მხარს გიჭერთ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ტანსაცმელთან დაკავშირებული წესების შესაცვლელად, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ისეთი ტანსაცმლით ივარჯიშონ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ", — აცხადებს ფედერაცია.

ქალებს მხარდაჭერა ნორვეგიის კულტურისა და სპორტის მინისტრმა აბიდ რაჯამაც გამოუცხადა:

"ეს დიდი სისულელეა. ამ მაჩო და კონსერვატიულ საერთაშორისო სპორტში გარკვეული მიდგომები უნდა შეიცვალოს", — აღნიშნა რაჯამ.

ამავე თემაზე: