მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.

"ვიდრე ჩვენ აქ ვიხილავთ მედიაზე ზეწოლის, ძალადობის, ცენზურის ფაქტებს, ზუსტად ამ განხილვის პერიოდში მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში, ეტყობა ჯერ ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის იმიტომ, რომ ჩვენი შემოსავალი ეს არის, რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა", — ამბობს გვარამია.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყანაში ყველა ხერხით ამთავრებენ მედიას.

"სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს და ერთი წლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს. ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედია დაფინანსება და ა.შ., გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ეს ინფორმაცია გვქონდა აქამდეც, ველოდებით საგადასახადო პოლიციას და მერე კიდევ პროკურატურას", — აცხადებს გვარამია.

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი აღნიშნულზე აცხადებს, რომ ეს მცდელობაა კრიტიკულ მედიას წინასაარჩევნოდ წნეხი დაუმატონ.

"ეს არის იმის მანიშნებელი, რომ რაც კობახიძემ დააანონსა, ის მოჰყავთ სისრულეში, ანუ იმუქრებიან თითქოს შავი ფული ტრიალებს კრიტიკულ არხებში. ჩვენ გადასახადებს ვადეკრალირებთ და ვიხდით, ანუ სახელმწიფოს არაფერს არ ვუმალავთ. რომ ყოფილიყო რამე, აქამდე მილიონჯერ შემოვიდოდნენ და კარგად იციან როგორ ვმუშაობთ, მაგრამ წინასაარჩევნოდ უნდათ ეს წნეხი დაგვიმატონ, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც. ფიზიკურს არ გვაკლებენ და ახლა ფსიქოლოგიური და ფინანსური კუთხით რაღაც მექანიზმები აამოქმედონ, რაც ნიშნავს, რომ საბოლოოდ უნდა დახურონ ეს არხები და კრიტიკული ხმა საბოლოოდ ჩაახშონ, ეს არის მიზანი", — ამბობს იურისტი.

On.ge დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, სამ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და სრული პასუხისმგებლობით შეუძლია დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ამ ტელევიზიებზე ყოველწლიურად ათეულობით მილიონი იხარჯება.