"რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა", — აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი, საქართველოში 5-6 ივლისს მედიაზე ძალადობის კომენტირებისას. მან ამის შესახებ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ აქვს ინფორმაცია და ასევე ისაუბრეს უკვე გამართულ შეხვედრებზე.

„ქუჩებში ძალადობა, რაც შეიძლება, გაკონტროლებული უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ, თუ გსურს, სიტყვის და პრესის თავისუფლებას გაუფრთხილდე, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან მიმართებაში, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები ციხეში არიან. მჯერა, გაირკვევა მცირე დეტალებიც კი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაც აღარასდროს არ უნდა მოხდეს“, — აცხადებს რიკ დემსი.

მისივე თქმით, როდესაც მსგავსი ფაქტი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში ხდება, ის სრულად უნდა იყოს გამოძიებული და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ამასთან, როგორც მან განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე გეგმავს.