ბრიტანელი წყალში მხტომელი, ტომ დეილი და მისი მეწყვილე, მეტი ლი, ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. წყვილმა ოქროს მედალი 10 მეტრის სიმაღლის ტრამპლინიდან ხტომაში მიიღო. როგორც დეილი ამბობს, ეს გამარჯვება მისთვის, როგორც ლგბტქ სპორტსმენებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"საოცრად ვამაყობ, რომ ვარ გეი და ასევე ვარ ოლიმპიური ჩემპიონი. როცა პატარა ვიყავი, არასდროს მეგონა, რომ, იმის გამო, ვინც ვიყავი, ამას მივაღწევდი. ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია".

დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა, თუმცა, პირველი ოქროს მედალია. მან ბრინჯაოს მედლების მოპოვება 2012 და 2016 წლებში შეძლო ლონდონისა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

სპორტსმენმა საკუთარი იდენტობის შესახებ ღიად პირველად 2013 წელს ისაუბრა, როცა იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე 168 ლგბტქ სპორტსმენი მონაწილეობს, რაც 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე ქვიარ ათლეტების რიცხვზე (56) სამჯერ მეტია. დეილიმ ასევე ისაუბრა ამ პრობლემის მნიშვნელობასა და იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც მას კარიერის განმავლობაში შეხვდა.

"წელს იმაზე მეტი ღიად გეი სპორტსმენი მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოლიმპიადაზე, რომელზეც მე მიმიღია მონაწილეობა", — აღნიშნავს დეილი, — "საკუთარ იდენტობაზე ღიად 2013 წელს ვისაუბრე, რადგან, როცა პატარა ვიყავი, თავს ყოველთვის გარიყულად და მარტო ვგრძნობდი. ჩემში იყო რაღაც, რაც საზოგადოების მოლოდინებს ვერ გაამართლებდა".

ვიმედოვნებ, ყველა ახალგაზრდა ლგბტქ ადამიანი დაინახავს, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად მარტოსულად გრძნობ ახლა თავს, მარტო არ ხარ. ყველაფრის მიღწევა შეგიძლია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეილის სიტყვით გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჩინეთსა და რუსეთში — ორივე ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება არალეგალურია.

ფოტო: Reuters

გამარჯვება ოცნების ახდენა იყო ტომის მეწყვილე მეტი ლისთვისაც.

"ტომის დიდი ფანი ვიყავი", — იხსენებს ლი, — "მახსოვს, 9 წლის ასაკში მასთან მივრბოდი და ფოტოს გადაღებასა და ხელმოწერას ვთხოვდი ხოლმე".

დეილიმ ოლიმპიადაზე მონაწილეობის ოთხ მცდელობასთან ერთად, საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. მათ შორის თავისი და თავისი პარტნიორის შვილზე და მამაზე, რომელიც მაშინ დაეღუპა, როცა 17 წლის იყო.

"როცა ის გარდაიცვალა, მე განსაკუთრებით მიმძიმდა, რადგან ჩემი ოლიმპიური მედალი, ქორწინება და შვილი არ უნახავს".

ძალა კი, როგორც ოლიმპიელი აღნიშნავს, სწორედ ოჯახმა მისცა.

"ვერასდროს ვიფიქრებდი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე, განსაკუთრებით რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ, როცა ჩემი შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი", — ამბობს დეილი, — "ამის შემდეგ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ჩემი ამბავი არ დასრულებულა და რომ ჩვენს შვილს უნდა ენახა, როგორ ვხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი".