მთავარი არხის ჟურნალისტსა და ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კაპანაძეს კორპუსიდან წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტსა და ჟურნალისტს წყალი ესხმებათ და ცდილობენ გარკვევას, ვინ მოიქცა ასე. რის შემდეგაც ერთ-ერთი პირი მათ უყვირის და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მიმართავს.

"ასე ყოველდღიურად, ძალადობა ძალადობას ემატება და ჟურნალისტურ საქმიანობას შეუძლებელს და საშიშს ხდის. ესაა ქართული ოცნების ორგანიზებული ზვავის ეფექტი", — წერს მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქგვერდზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას გამოხატავენ. მედიას თავს ესხმის არამხოლოდ მოქალაქეთა ნაწილი, არამედ მმართველი გუნდის წევრები, მათ შორის, მინისტრი თეა წულუკიანი.

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მედიამ საპროტესტო აქციები დაიწყო და პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა, ქართულმა ოცნებამ კი კრიტიკულ ტელევიზიებს ბოიკოტი გამოუცხადა და კოლეგის სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს, რაც დაუშვებელია.