სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში ინსპექტირებისას 28 დარღვევა გამოავლინეს. უწყებაში ამბობენ, რომ სულ 42 ობიექტი შემოწმეს, საიდანაც 3-ს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მათივე თქმით, ვადაგასული სურსათის, კერძოდ, ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმისა და ტკბილეულის განთავსების ფაქტები გამოვლინდა 7 ობიექტში.

სეს-ის გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, დარღვევები გამოვლინდა როგორც მაღაზიებში, ასევე, საკონდიტროებში, საცხობებში, კაფე-ბარებში, სასადილოსა და რესტორნებში.

სააგენტოს განცხადებით, ბიზნესოპერატორები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 742 მუხლის მიხედვით დააჯარიმეს, რაც გულისხმობს ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებას. მათივე თქმით, ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდა სააგენტოს ზედამხედველობით.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ვადების შესახებ.