კიბო საშინელი დაავადებაა, მაგრამ არსებობს კიბოს სახეობები, რომლებიც განსაკუთრებით რთულად დასამარცხებელი და პრობლემურია. გლიობლასტომა, რომელიც საბედნიეროდ სიმსივნის იშვიათი სახეობაა, ზუსტად რომ ასეთი კიბოა. ის სწრაფად და აგრესიულად იზრდება და ტვინს ედება, შეუძლებელია მისი სრულად განკურნვა და მას, უმეტეს შემთხვევაში, მისი მსხვერპლი სიკვდილამდე მიჰყავს.

გლიობლასტომას მკურნალობაც რთულია — ინტენსიურ რადიო და ქიმიოთერაპიას საჭიროებს, რომლებსაც პაციენტები ვერ უმკლავდებიან და ვერც ასრულებენ. მაგრამ, შესაძლებელია მეცნიერებმა მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნეს — არაინვაზიური ჩაფხუტი, რომელიც ოსცილირებად მაგნიტურ ველს იყენებს და სიმსივნურ წარმონაქმს აპატარავებს.

მოწყობილობა 53 წლის გლიობლასტომით დაავადებულ პაციენტზე გამოსცადეს, ვისმა სიმსივნემაც მოკლე დროში გასაოცარი 31%-ით შემცირება აჩვენა. პაციენტის დახმარებით, გლიობლასტომის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი არაინვაზიური თერაპიის ეფექტურობა გამოიცადა და დადასტურდა.

პაციენტი კიბოსთან და მის მკურნალობასთან დაუკავშირებელი თავის ტრამვით მოკვდა, რის შემდეგაც პაციენტის ოჯახმა მკვლევრებს აუტოპსიის ჩატარების ნება დართო, რამაც შეუფასებელი გავლენა იქონია კვლევის განვითარებასა და თერაპიის დახვეწის პროცესზე.

ჩაფხუტს სამი ძლიერი, მბრუნავი მაგნიტი აქვს, რომლებიც ოსცილირებად მაგნიტურ ველს აწარმოებენ. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მკვლევრებმა თაგვებში გადანერგილი ადამიანის გლიობლასტომის მოცულობისა და მასის შემცირება მოახერხეს.

მკვლევრების თანახმად, მაგნიტური ველი ელექტრონების ტრანსპორტის ჯაჭვის ფუნქციონირებას აფერხებს, რომელ პროცესსაც მიტოქონდრია ქიმიური ენერგიის გამოსამუშავებლად და უჯრედების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. ეს შეფერხება მხოლოდ იმ უჯრედებში ხდება, სადაც სიმსივნური უჯრედების მიერ წარმოქმნილი მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ნაერთები არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით გლიობლასტომის უჯრედები ნადგურდებიან, ხოლო "ხელუხლებელი" ჯანმრთელი უჯრედები მუშაობას განაგრძობენ.

პაციენტს გლიობლასტომის დიაგნოზი 2018 წელს დაუდგინეს, როცა სიმსივნეს ტვინის წილი უკვე მთლიანად მოეცვა. სიმსივნის ამოსაჭრელი ოპერაცია პაციენტს ვერ დაეხმარა, რადგან სიმსივნე ისევ გაიზარდა. კიბო არც მკურნალობაზე არ რეაგირებდა. მაშინ, როცა პაციენტი მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა, ის დათანხმდა მაგნიტური ჩაფხუტის ცდებში მონაწილეობას.

ცდები 2020 წლის აპრილში დაიწყო. პაციენტს 3 დღე მკურნალობენ საავადმყოფოში. შემდეგ, მან მკურნალობა სახლში გააგრძელა, სადაც პირველ ეტაპზე დღეში 2 საათით, ხოლო შემდეგ 6 საათით მკურნალობდა ჩაფხუტით.

სკანირებები სიმსივნის დაპატარევას ასახავენ

ფოტო: Baskin et al., Front. Oncol., 2021

ჩაფხუტით მკურნალობა სულ 36 დღე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, გლიობლასტომა 31%-ით დაპატარავდა. პაციენტის მომვლელები კი მის მეტყველებასა და კოგნიტურ ფუნქციებში გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ.

36 დღის შემდეგ, მკურნალობა შეწყდა, რადგან პაციენტი მძიმედ დაეცა და თავი დაიზიანა. სამწუხაროდ, ის მალევე მოკვდა.

ეს ისტორია სევდიანია, თუმცა მკურნალობის შედეგები — პოზიტიური და დამაიმედებელი. ლაბორატორიულ უჯრედებში და ქსენოტრანსპლანტანტ თაგვებში ჩაფხუტით მკურნალობამ მდგრადი და სწრაფი სიმსივნის შემცირება გამოიწვია, მაშინ როცა სხვა მკურნალობის მეთოდებმა არ იმუშავა.

თუ ჩაფხუტის ეფექტურობა სხვა ადამიანებზეც დადასტურდება, მაშინ ის გლიობლასტომის მკურნალობის უფრო მსუბუქი და შედეგიანი საშუალება გახდება.

"წარმოიდგინეთ ტვინის კიბოს განკურნვა რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის გარეშე. ჩვენს შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც ლაბოლატორიული კვლევიდან და პაციენტზე მკურნალობიდან მივიღეთ, შესაძლოა, მსოფლიოს ახალი არაინვაზიური და არატოქსიკური ტვინის კიბოს თერაპია შევთავაზოთ", — თქვა კვლევის თანაავტორმა და ნეიროქირურგმა დეივიდ ბასკინმა, ჰიუსტონის მეთოდური საავადმყოფოდან.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Oncology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.