დღეს გამთენისიისას მოსული ოთხსაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზემოთ არსებული სამი თემის 25 სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. უხვმა ნალექმა მდინარე ცხენისწყლის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა ქვესადგურები წაიღო და ოთხ სოფელს დენი არ მიეწოდება. წყალმა, ასევე, წაიღო სამი შიდა სასოფლო ხიდი.

როგორც ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა On.ge-ს უთხრა, უხვი ნალექის შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი ცენტრალურ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია.

"ცენტრალური გზის გახსნაა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როგორმე მოძრაობა აღდგეს. საგანგებო სიტუაციების მართვის, საგზაო დეპარტამენტის სამსახური ადგილზე მობილიზებულია. ამ წუთებში ორი ტექნიკა მუშაობს და ტექნიკის მობილიზებაც მიმდინარეობს", — ამბობს ლენტეხის მერი On.ge-სთან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რომ ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯის საყრდენი გამოურეცხა. აღნიშნულ მონაკვეთზეც ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა აიკრძალა.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მომისვლა", — აცხადებენ დეპარტამენტში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ამ წუთებშიც წვიმს.