NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დელტა პლუსის შტამის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს არის ინდური შტამის დელტას, ერთ-ერთი ქვეშტამი.

"არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ინდური შტამი, დელტა პლიუსი ჰქვია. ანუ კლასიკურ დელტა შტამს აქვს კიდევ ქვეშტამი. მოგეხსენებათ ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. ეს არის დელტა პლუსი და გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევაა", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 40-დან 50%-მდე დელტა შტამი ცირკულირებს, რომელმაც ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა.

რა არის დელტა და დელტა პლუსი

ვირუსის არსებული ვარიაციებიდან, ყველაზე მაღალი გადამდებობებით დელტა (B.1.617.2), ეგრეთ წოდებული "ინდური შტამი" გამოირჩევა, რომელიც პირველად 2020 წლის ოქტომბერში, ინდოეთში გამოჩნდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ინგლისის საჯარო ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, დელტა შტამი, უხანის შტამზე 97%-ით უფრო გადამდებია. მიუხედავად ამისა, სრული ვაქცინაცია ვირუსის ამ ვარიანტისადმი ისევ ეფექტიანია.

დელტა პლიუსს, დელტასგან განსხვავებით დამატებითი მუტაცია აქვს — K417N, რომელიც მას გამოარჩევს იმიტომ, რომ ის საპიკ ცილის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას. შეგახსენებათ, სპაიკ ცილა ვირუსის მასპინძელ უჯრედთან მიმაგრებისთვის აქვს.

მეცნიერები სპაიკ ცილის მუტაციებს განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ აქცევენ, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ვარიანტის გავრცელების და ინფიცირების პოტენტურობას.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის მიხედვით, დელტა პლიუსის ცნობილ ვარიანტს "შემაშფოთებელი თვისებები" აქვს, როგორიცაა გაზრდილი გადამდებობა, ფილტვის უჯრედებთან უფრო მჭიდრო მიმაგრება და იმუნური პასუხის "შემცირება".