შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა, უკრაინელმა და სომეხმა სამართალდამცველებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 368 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. უწყების ცნობით, მისი ფასი შავ ბაზარზე 75 000 000 ლარია.

"რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის — სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან", — ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს ტრანზიტულად გადასაზიდი ტვირთიდან, რომელიც ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი რეალიზაციის მიზნით ცენტრალურ ევროპაში გაეტანათ.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.