კომპანია The Body Shop-მა, რომელიც თავის მოვლის პროდუქციასა და კოსმეტიკურ ხაზს აწარმოებს, განაცხადა, რომ ქალების გაძლიერების მიზნით წიგნი გამოაქვეყნა. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

წიგნს სახელად შეიყვარე თავი შენი ჰქვია. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მისი მიზანი ქალთა გაძლიერება და სტანდარტებისგან გათავისუფლებაა და მასში 13 ქალის რეალური ისტორიაცაა მოცემული, თუმცა, წიგნის შვიდივე ავტორი კაცია.

ავტორები არიან:

  1. გიორგი კეკელიძე;
  2. ბასა ჯანიკაშვილი;
  3. დათო გორგილაძე;
  4. ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
  5. ირაკლი შამათავა;
  6. გია მურღულია;
  7. ტორესა მოსი.

კომპანიის ინიციატივას, რომ 7-დან არც ერთი ქალი ავტორი არ ჰყავდა წიგნს, რომელიც ქალების პრობლემებს და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო, კრიტიკა მოჰყვა, რასაც The Body Shop ამ კომენტარით გამოეხმაურა:

"სწორედ იმიტომ რომ საპირისპირო სქესისგან ხდება უმეტესად დამცირება, სილამაზის სტანდარტებში მოქცევა და ა.შ. წიგნის პირველი სერიის ნოველები დაწერეს მამაკაცებმა, რათა ამ მამაცი ქალბატონების ადგილზე წარმოედგინათ თავი. მეორე გამოცემაზე მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად, აქ იქნება უფრო მეტი ქალბატონის რეალური ისტორია გადმოცემული და ასევე, უფრო მეტი ქალი მწერალი ჩართული".

ფეისბუქპოსტი, რომლის კომენტარებშიც კომპანიის მიერ იდეის განხორციელების გზას აკრიტიკებდნენ, The Body Shop-მა მოგვიანებით წაშალა.

განახლება: კრიტიკას გამოეხმაურნენ წიგნის ავტორები ტორესა მოსი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი კეკელიძე.

ტორესა მოსიმ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ განაცხადეს, რომ პროექტს კარგად არ იცნობდნენ, ხოლო კეკელიძემ პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა.