საქართველოს 4 დაცული ტერიტორია — კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. აღნიშნულზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა. 2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული", — აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.