ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მედიამ უნდა დაიბრუნოს ჟურნალისტიკის ნიშა და "შეეშვას პოლიტიკას". ჟურნალისტებს, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამენ და როგორც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა "გადაკვეთეს წითელი ხაზი", პაპუაშვილმა მიკროფონს ამოფარებული პოლიტიკოსები უწოდა.

"მედიამ უნდა თავისი ნიშა დაიბრუნოს. დაიბრუნოს ეთიკური ჟურნალისტიკის ნიშა, შეეშვას პოლიტიკას. ან, იყოს პოლიტიკაში, კი ბატონო, მაგრამ, პოლიტიკაში თუ უნდა ვინმეს ყოფნა, 2 ოქტომბერს არის არჩევნები, ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის, მედიაორგანიზაციას, შეუძლია გადაკეთდეს პოლიტიკურ პარტიად, ოფიციალურად დარეგისტრირდეს და მიიღოს არჩევნებში [მონაწილეობა]. მათ შორის, დაჯდეს ჩვენთან დებატებში და იქ ვნახოთ მერე ვისი სიტყვა აჯობებს. ასე, მიკროფონს ამოფარება პოლიტიკოსის, რა თქმა უნდა, არ არის სწორი", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალისტებმა არაერთხელ გააპროტესტეს მომხდარი და ხელისუფლებასაც ბევრჯერ შეახსენეს, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე. მედიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე, ათასობით მოქალაქემ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. ისინი გარდაცვლილი კოლეგის ფოტოებს შლიან და მოძალადეების დასჯას ითხოვენ მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან და ა.შ. ჟურნალისტები პასუხისმგებელ პირებთან მხოლოდ ერთ კითხვას სვამენ — როდის დაისჯებიან არა მხოლოდ მოძალადეებს, არამედ ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები და წამქეზებლები.

მედიის პროტესტს მმართველმა პარტიამ ბოიკოტით უპასუხა — ქართული ოცნების ლიდერები კრიტიკული მედიის კითხვებს არ პასუხობენ.

17 ივლისს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს სამი ტელეკომპანია — მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა. ღონისძიებაზე მიწვეული არ იყო არც ონლაინმედია. On.ge-მ მიზეზი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა და მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ სამ არხს "კითხვებზე პასუხები არ აინტერესებს" და ისინი მუდმივად "დესტრუქციულად" იქცევიან.