ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ბანკებში არსებული დეპოზიტებისა და მათ მიერ გაცემული სესხების საერთო მოცულობა შემცირებულია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მაისთან შედარებით, ლარში გამოსახული დეპოზიტების მოცულობამ 887 მილიონით, ხოლო სესხების ოდენობამ 318 მილიონი ლარით იკლო — ამის ძირითადი მიზეზი ივნისში ეროვნული ვალუტის შედარებით გამყარებაა.

უფრო კონკრეტულად, ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია 464 მლნ ლარით, ხოლო თუ უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა შემცირებულია 782 მლნ ლარით — თუ გაცვლითი კურსის ეფექტს (ამ შემთხვევაში გამყარებას) გამოვრიცხავდით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობაც გაზრდილი იქნებოდა. სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ბანკებს სულ 39 მილიარდი ლარის სესხი აქვთ გაცემული. ამასთან, ივნისის ბოლოს ეროვნული ვალუტით დაკრედიტების მოცულობა 47,2% იყო.

რაც შეეხება საბანკო დეპოზიტების ნაწილს, აქ კლება ფიქსირდება როგორც ვალუტის გაცვლითი კურსის ეფექტით, ასევე მის გარეშეც. სტატისტიკის მიხედვით, ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, 746 მლნ ლარით შემცირდა ვადიანი, ხოლო 141 მლნ ლარით იკლო მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტებმა. ჯამში, პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 34,5 მილიარდი ლარის დეპოზიტები ჰქონდათ გაცემული.

ივნისის ბოლოს დეპოზიტების 40% ლარში იყო განთავსებული — ეს მონაცემი მაისთან შედარებით გაზრდილია 0,7%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში ადამიანებისთვის ლარში დაზოგვა შედარებით მიმზიდველი გახდა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს, ამგვარი ანაბრების 84% დოლარში, ხოლო 14,6% ევროში იყო განთავსებული.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 7,05% შეადგინა. ბანკები საკუთარ მომხარებელს ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალოდ 9,96%-იან, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1,21%-იან სარგებელს სთავაზობდნენ.