პიცა იტალიისთვის, დრაკულა რუმინეთისთვის, ჩერნობილი უკრაინისთვის — ეს ის ფოტოებია, რომლებიც სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა არხმა, MBC-მა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნისას ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარდგენისთვის გამოიყენა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მაყურებლები მსოფლიოს ირგვლივ ისეთ ქვეყნებს ხედავენ, რომლის შესახებაც შესაძლოა, ინფორმაცია არ ჰქონდეთ. ტელევიზიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნები მსოფლიოსთვის უფრო კარგად გაეცნო, თუმცა ამისათვის, საზოგადოების შეფასებით, შეურაცხმყოფელი სტერეოტიპები ან უცნაური აღწერები გამოიყენა.

მაგალითად, როდესაც სტადიონზე ჰაიტის წარმომადგენლები შემოვიდნენ, ეკრანზე შემდეგი წარწერა გამოჩნდა: "პოლიტიკური სიტუაცია პრეზიდენტის მკვლელობის გამო დაძაბულია".

ამ შემთხვევამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და არხი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რის შემდეგაც MBC-მა ბოდიში მოიხადა:

"ფოტოებისა და აღწერების გამოყენების მიზანია, რომ მაყურებელმა მარტივად და სწრაფად გაიგოს გახსნის ცერემონიაზე შემოსული ქვეყნის შესახებ... თუმცა ვაღიარებთ, რომ კონკრეტული ქვეყნების ინტერესები სათანადოდ არ გავითვალისწინეთ და ჩვენი მოკვლევა არ იყო სრულყოფილი. ეს უპატიებელი შეცდომაა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ჩანს, ეს არხისთვის პირველი შემთხვევა არაა. 2008 წლის ბეიჯინგის ოლიმპიადაზე MBC-მა ზიმბაბვე აღწერა, როგორც ქვეყანა, რომელშიც სასიკვდილო ინფლაცია მძვირვარებს.