შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში, დაახლოებით, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.

"სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოიტანა", — აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.