საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ არ იციან, დაიწყო თუ არა გამოძიება თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართევაზე. On.ge უკვე მესამე დღეა ცდილობს, უწყებიდან ამის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა, რომელსაც წულუკიანმა მიკროფონი წაართვა, პოლიცია იქვე გამოიძახა. როგორც გოგოხია ამბობს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.

ამ ფაქტს 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვევა. უცნობია, გაერკვა თუ არა გომელაური, მაგრამ შემთხვევიდან უკვე 2 დღე გავიდა და შსს-სგან პასუხი ისევ არ არის.

გარდა ამისა, გუშინ, 23 ივლისს მთავარმა არხმა პროკურატურასაც მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას 22 ივლისს მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ არ დააბრუნებს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. წულუკიანი ჟურნალისტს ეუბნება: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". გარდა ამისა, თეა წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და წერს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". წულუკიანის აზრით, ჟურნალისტი განაიარაღა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.

გაიგე მეტი: