ევროპული საქართველო თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მხარს უჭერს. აღნიშნულზე პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ კონსულტაციების ერთი ეტაპი არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც თბილისის მერი და ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მქონე. იმედი მაქვს, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან" — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იქნება გზავნილი მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიცია ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად უდგება.

"ევროპული საქართველო უკვე დიდი ხანია, წინა არჩევნებამდეც და ახლაც ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშ ვითარებაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვევბულმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში მწვავე ოპონენტები უნდა ვიყოთ განსხვავებული ხედვების გამო, ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ და ამ კოორდინაციის მაგალითი იქნება და ახლა უკვე შემიძლია, ვთქვა, ნამდვილად, რომ იქნება გზავნილი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ დემოკრატიული ოპოზიცია სერიოზულად უდგება ამ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ ყველას გვაქვს და სწორედ ამიტომ ახერხებს თანამშრომლობას და კოორდინირებას", — ამბობს ბოკერია.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება მან ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.