გირჩი — მეტი თავისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას დაუჭერს მხარს. ამასთან, გირჩის წარმომადგენელი იქნება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი.

"დიდხნიანი მსჯელობისა და კენჭისყრის შემდგომ, გადავწყვიტეთ, რომ გირჩი — მეტი თავისუფლება თბილისში, თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, ნიკა მელიას. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თითქმის ნახევარი პარტიის წევრებისა, ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა, თუმცა 55%-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ იდეას და ინიციატივას", — აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე.

მისივე თქმით, გირჩი — მეტი თავისუფლება ამ არჩევნებზე მიიღებს მხარდაჭერას ოთხ ან მინიმუმ სამ სამაჟორიტარო ოლქში.

"გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გადაწვეტილებას მოჰყვება. ასევე, გვესმის, რამდენად რთულია, რომ გირჩს დაუთმონ ეს სამაჟორიტარო ოლქები".

მისივე თქმით, გირჩი არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის და თითქმის ყველგან ეყოლება კანდიდატები და ექნება პროპორციული სია. კობერიძემ აღნიშნა, რომ დიდ როლს შეიტანენ, რათა ეს არჩევნები იყოს რეფერენდუმი და დამარცხდეს ქართული ოცნება, "იდეა ძალადობის".

"გირჩი იქნება გარანტია იმისა, რომ ამ არჩევნებზე დამტკიცდება, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის თავისუფალი საქართველო", — თქვა მან.

გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მას კორონავირუსი აქვს და ბრიფინგზეც ამის გამო არ იმყოფებოდა.

მისი თქმით, ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ აქვს.

"ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს, რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", — წერს ჯაფარიძე.

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, სავარაუდოდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნებათ. გირჩი — მეტი თავისუფლების გარდა, საჯარო მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპულმა საქართველომ. სავარაუდოა, რომ ეს ოთხი პარტია თბილისში ერთმანეთს კონკურენტენს არ დაუყენებს. ამ დროისთვის უცნობია ლელოს ოფიციალური პოზიცია. რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს, გიორგი ვაშაძე "მესამე ძალის" შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

უკვე ცნობილია თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატით — ამ პოსტის დაკავება უკვე მეორედ სურს კახა კალაძეს.