ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დაარეგისტრირა. ფრაქციის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პარლამენტში მათ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და კომისია მუშაობას დაიწყებს, რომლის მთავარი ფოკუსი იქნება ამ მოვლენებში რუსული კვალის და გავლენის დადგენა.

"რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, რადგან ამ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შესაძლოა, იყოს კრემლი. ჩვენ ასევე ვნახეთ კიბერშეტევების სავარაუდო ფაქტებიც, რაზეც მედიაორგანიზაციების მხრიდან ითქვა", — აცხადებს სამნიძე.

მისი შეფასებით, შსს-ს უმოქმედობა გამოწვეული იყო ხელისუფლების და საპატრიარქოს კოორდინირებული მოქმედებით, მაგრამ კომისია იმუშავებს ყველა მიმართულებით, რათა გამოიკვლიოს, რატომ იყო შსს უმოქმედო და ვინ იდგა ამის უკან.

ჩვენ გვაქვს უფლება დავიბაროთ კომისიაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ძირითადი აქცენტი იქნება ამ მიმართულებით და ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები — სად იკვეთება კრემლის კვალი", — განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებისთვის, მინიმუმ, 30 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. თუმცა, შესაქმნელად სესიაზე, მინიმუმ, 50 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. ამჟამად პარლამენტში ოპოზიციას ოფიციალურად 66 დეპუტატი ჰყავს, თუმცა მათგან რამდენიმე, ძირითადად, ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციით გამოდის. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმების მოგროვება შეუძლია.

კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც. ამასთან, კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.

რაც მთავარია, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

5-6 ივლისს ჰომოფობიურ დია ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან უმრავლესობა მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული, გარდაიცვალა. სწორედ ამის გამო მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის აქციებს მართავენ და რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო, არამხოლოდ უშუალოდ მოძალადეების, არამედ ორგანიზატორებისა წამხალისებლების დასჯას ითხოვენ. გარდა ამისა, ჟურნალისტების მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა. ამის ნაცვლად, ღარიბაშვილი ყოველდღიურად მედიას ესხმის თავს. პროტესტი გრძელდება. აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.