ვაქცინაციის სარეგისტრაციო საიტზე, booking.moh.gov.ge-ზე Pfizer-ის მეორე დოზებზე 154 ათასზე მეტი რაოდენობა წერია. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ეს შეცდომაა და ამის შესახებ სპეციალურ სამსახურებს უნდა ჰკითხოს.

"ეს ისეთი კითხვაა, თქვენ ლაივ რეჟიმში უყურებთ, მე აუცილებლად უნდა ვკითხო შესაბამის სამსახურებს და შემიძლია დაგიბრუნდეთ. რა თქმა უნდა, შეცდომაა, ვინაიდან ჩვენ ჯერ არ გამოგვიტანია არანაირი დოზები, მხოლოდ გამოტანილი არის ის 12 ათასი დოზა მეორე რეგისტრაციისთვის", — განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან. თუმცა, მინისტრის ბრძანების თანახმად, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა კი საქართველოში 24 ივლისს ჩამოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ეს დოზები აშშ-ს მთავრობის მიერაა ნაჩუქარი.