ოლიმპიური თამაშები არა მხოლოდ მასშტაბური სპორტული ღონისძიება, არამედ საყოველთაო ზეიმიცაა. 4 წელიწადში ერთხელ სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ამ ღონისძიებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ, ერთ ქალაქში იყრიან თავს. თუმცა, ოლიმპიადა მხოლოდ შეჯიბრება არაა — ეს არის ერთიანობის, თანასწორობის და კიდევ ბევრი სხვა ღირებულების სიმბოლო, რომელსაც ხუთი გადაჯაჭვული რგოლი ყველაზე უკეთ გამოსახავს.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც კოვიდპანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით ტარდება, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. წელს საქართველოდან წარდგენილი დელეგაცია 35 სპორტსმენს მოიცავს, რომლებიც სპორტის 11 სახეობაში ასპარეზობენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც აქტიურად ცდილობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას.

სანამ 5-წლიანი ლოდინით მონატრებულ თამაშებს ვადევნებთ თვალს, მოდით, მის ისტორიას და რამდენიმე საინტერესო ფაქტს გადავავლოთ თვალი.

1. ანტიკური ოლიმპიური თამაშები ზევსისადმი მიძღვნილი ზეიმი იყო

ფოტო: Getty Images

ალბათ იცი, რომ ოლიმპიადის სამშობლო საბერძნეთია. სწორედ აქ ჩატარდა პირველი მსგავსი სპორტული შეჯიბრება ქალაქ ოლიმპიაში, ძველი წელთაღრიცხვით 776 წელს. ოთხ წელიწადში ერთხელ ღონისძიება ზევსის პატივსაცემად გამართული ფესტივალის ნაწილი იყო. სხვათა შორის, ძველ საბერძნეთში სხვა ღმერთების, მათ შორის აპოლონისა და პოსეიდონისადმი მიძღვნილი თამაშებიც იმართებოდა. თამაშებში სრულიად შიშვლები მონაწილეობდნენ — გიმნასტიკაც და გიმნაზიაც (ერთგვარად "სკოლა შიშველი ვარჯიშებისთვის") ხომ ბერძნული სიტყვიდან, გიმნოსიდან წარმოდგება, რაც "შიშველს" ნიშნავს.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები ახალი წელთაღრიცხვით 392 წლამდე იმართებოდა — ამ წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა ქრისტიანობის მიღებასთან და წარმართული ტრადიციების აკრძალვასთან ერთად, ოლიმპიადაც გააუქმა.

ოლიმპიადის აღდგენას ათასწლეულზე მეტი დასჭირდა. 1896 წელს თანამედროვე ოლიმპიური თამაშები საბერძნეთში დაარსდა და მასში მონაწილეობა 14-მა ქვეყანამ მიიღო. სხვათა შორის, აქედან მხოლოდ 5 ქვეყანაა, რომელსაც მას შემდეგ ჩატარებულ ყველა ოლიმპიადაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

2. ოლიმპიურმა ჩირაღდანმა მთელი სამყარო მოიარა

ფოტო: Getty Images

ოლიმპიურ ჩირაღდანს ანტიკური ცერემონიის მიბაძვით ბერძნულ ქალღმერთთა სამოსებში გამოწყობილი მსახიობები ანთებენ ჰერას ტაძარში. ჩირაღდანი, რეალურად, სწორედ თამაშების ბერძნულ წარმომავლობაზე ხაზგასმაა. ცეცხლი ქალღმერთ ჰესტიასადმი პატივისცემის ნიშნად ანტიკურ თამაშებში მუდმივად ენთო და ასეა ახლაც — ოლიმპიადის მიმდინარეობისას ჩირაღდანი ანთია. ის საბერძნეთიდან მასპინძელ ქალაქამდე გრძელ გზას გადის — თანაც არაერთი ტრანსპორტით. ჩირაღდანის გადატანაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს და ყოველი მათგანისათვის ეს დიდ პატივად მიიჩნევა.

საბოლოო ჯამში კი ისე მოხდა, რომ ოლიმპიური ცეცხლი მთელ სამყაროშია ნამყოფი. და არა, აქ მსოფლიო ნამდვილად არ უნდა ეწეროს — ჩირაღდანმა იმოგზაურა თვითმფრინავით, წყალქვეშ, დალაშქრა ევერესტი და კოსმოსშიც კი გაფრინდა.

3. 1997 წლამდე თამაშებში მონაწილეობა ბავშვებსაც შეეძლოთ

10 წლის დიმიტროს ლუნდრასი — ყველაზე პატარა ოლიმპიელი.

ერთ დროს ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ არა მხოლოდ პროფესიონალ, არამედ მოყვარულ სპორტსმენებს და ბავშვებსაც კი.

თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ დღემდე 10 წლის დიმიტრიოს ლუნდრასი რჩება, რომელმაც 1896 წლის შეჯიბრებაში იასპარეზა. 13 წლის მარჯორი გესტრინგი კი 1936 წელს ყველაზე პატარა ოქროსმედალოსანი გახდა. 1997 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 16 წელზე უფროს სპორტსმენებს შესძლებოდათ.

4. ოლიმპიური თამაშები სამჯერ გაუქმდა

ფოტო: History.com

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, თუმცა, ისტორიას ახსოვს მომენტები, როცა მსოფლიოს სპორტისთვის, უბრალოდ, არ ეცალა.

თუკი თეოდოსიუსის მიერ 1 500 წლით გაუქმებულ ოლიმპიადას არ ჩავთვლით, თამაშები თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ სამჯერ გაუქმდა; პირველად 1916 წელს — პირველი მსოფლიო ომის გამო. მოგვიანებით, კი 1940 და 1944 წლების ოლიმპიადებიც გაუქმდა მეორე მსოფლიო ომის გამო.

5. ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთსა და იმავე წელს იმართებოდა

ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები შამონში, 1924 წელს.

ფოტო: Time

ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველად 1924 წელს გაიმართა საფრანგეთის ქალაქ შამონში. 1992 წლამდე ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთსა და იმავე წელს იმართებოდა, თუმცა, მას შემდეგ ორ ოლიმპიურ თამაშებს შორის ორწლიანი სხვაობაა.

სხვათა შორის, ისტორიაში მხოლოდ 4 სპორტსმენია, რომელმაც მედლების მიღება ორივე ოლიმპიადაზე შეძლო. მათგან ორმა — ედი იგანმა და გილის გრაფშტრომმა — ოქროს მედლები მიიღეს, ერთმა კი, კრისტა ლუდინგმა, ორივე მედალი ერთ წელს, 1988-ში მიიღო.

6. ოლიმპიურ დროშას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს

ფოტო: Getty Images

ოლიმპიური თამაშები, როგორც უკვე ვახსენეთ, ყველაზე მეტად ერთიანობის სიმბოლოა. ეს გამოხატულია დროშაზეც, რომელზეც 5 სხვადასხვა ფერის გადაჯაჭვული რგოლია გამოსახული.

დროშაზე, რომელიც 1913 წელს შექმნა თანამედროვე თამაშების დამფუძნებელმა, პიერ დე კუბერტენმა, თითოეული რგოლი განასახიერებს დედამიწის თითოეულ დასახლებულ კონტინენტს, რომელიც ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, შემთხვევითი არც ფერებია — ამ ფერებიდან ერთ-ერთი მაინც, ყველა ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული.

7. ოლიმპიადაში ხელოვანებიც მონაწილეობდნენ

ფოტო: Olympic Museum Lausanne

აკი უკვე ვთქვით კიდეც, თამაშები დიდი და ყოვლისმომცველი ზეიმიაო — 1921 წლიდან ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდნენ მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, მუსიკოსები და მწერლებიც კი. ისინი ოქროს მედლის მოსაპოვებლად ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ, რომელიც ხშირად ეძღვნებოდა იმ წლის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს. თუმცა, ეს შესანიშნავი ტრადიცია 1948 წელს შეწყდა.

8. მედლის კბილით გასინჯვაც ტრადიციაა

ფოტო: Getty Images

ალბათ არაერთხელ მოგიკრავს თვალი, როგორც უჭირავთ ოლიმპიურ ჩემპიონებს მოპოვებული ოქროს მედალი კბილებით. ასე არც მის კბილებით დაცვას ცდილობენ და არც შიათ — რეალურად, ყველაფერი ძველი ტრადიციის ნაწილია; ძველად ვაჭრები მონეტებს კბილებით სინჯავდნენ — ასე ადგენდნენ, იყო თუ არა ის ნამდვილად ოქროსგან დამზადებული (ყალბ მონეტაზე კბილების ნაკვალევი რჩებოდა).

თუმცაღა ოლიმპიურ მედალს კბილი არ გაესინჯება — ბოლო-ბოლო, ისტორიის წიგნებში მოხვედრაც არაა ურიგო პერსპექტივა — მაინც უნდა ითქვას, რომ ოქროს მედალი მთლად ოქროსიც არაა. მთლიანად ოქროს მედალი ბოლოს 1904 წელს გაიცა. ყოველ თამაშებზე 5 000 მედალი რიგდება, რაც, ოლიმპიური კომიტეტისთვის გაკოტრების პერსპექტივაა, ამიტომ უმეტესად ვერცხლით დამზადებული მედლები 6 გრამი ოქროთია დაფარული.

9. პირველი პარაოლიმპიური თამაშები ომის ვეტერანებისთვის ჩატარდა

ფოტო: NPC Italy

პარაოლიმპიური თამაშები ყოველი ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, რომელიც ერთდროულად აღმაფრთოვანებელიც არის და შთამაგონებელიც; სწორედ პარაოლიმპიური არწმუნებს თითოეულ სპორტსმენს თუ გულშემატკივარს იმაში, რომ "შეუძლებელი არაფერია".

პირველი პარაოლიმპიური თამაშები კი 1960 წელს გაიმართა რომში. მისი მიზანი სწორედაც რომ შთაგონება იყო — რათა იმხანად დაშავებულ ომის ვეტერანებს საზოგადოებრივი რეაბილიტაციის პროცესში დახმარებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შშმ პირებს მანამდეც არაერთხელ ჰქონდათ თამაშებში მონაწილეობა მიღებული, თანაც — წარმატებულად. მაგალითად, ჯორჯ აიზერმა, რომელიც 1904 წელს ხის პროთეზით ასპარეზობდა, ექვსი მედალი მოიპოვა.

ამის შემდეგ პარაოლიმპიური თამაშები ისტორიულ მოვლენად იქცა. მხოლოდ ის მომენტი რად ღირს, როცა ეგვიპტელი იბრაჰიმ ჰამატო 2014 წელს მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონი გახდა — არც მეტი, არც ნაკლები, პირით დაკავებული ჩოგნით.

10. თანასწორობა 2012 წლის თამაშებზეც აღინიშნა

ფოტო: Getty Images

უძველეს ეპოქაში ქალებს არათუ მონაწილეობის, თამაშებზე დასწრების უფლებაც კი არ ჰქონდათ. თანამედროვე ოლიმპიადაზე მონაწილეობა კი მხოლოდ 1900 წელს შეძლეს. მას შემდეგ არაერთმა ქალმა ათლეტმა მიაღწია უპრეცედენტო წარმატებას. თუმცა, ყველაზე უპრეცედენტო და მასშტაბური ამბავი მაინც 2012 წელს უკავშირდება — ამ ოლიმპიადაზე პირველად, ყველა მონაწილე ქვეყანამ გაგზავნა ქალი სპორტსმენი.