საპარლამენტო ფრაქცია შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევაზე ამბობს, ვინმეს ოპოზიციური პარტიებიდან იგივე რომ გაეკეთებინა ნებისმიერი ტელევიზიის ჟურნალისტისთვის, უკვე გამოძიება იქნებოდა დაწყებული. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა და თქვა, რომ ეს არის "ძალიან სამარცხვინო და სახიფათო ქმედება".

"ჩვენ არ გვყავს ასეთი საგამოძიებო უწყებები, არ გვყავს ასეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სიტუაციას ადეკვატურად შეაფასებს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ხელ-ფეხს უხსნის ყველა იმ მოძალადეს, რომელსაც სურს, რომ თავს დაესხას ჟურნალისტებს", — ამბობს სამნიძე.

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას 22 ივლისს მიკროფონი წაართვა და აცხადებდა, რომ არ დააბრუნებდა. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. ამის შემდეგ წულუკიანი ჟურნალისტს ეუბნება: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". გარდა ამისა, თეა წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და წერს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". წულუკიანის აზრით, ჟურნალისტი განაიარაღა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ არ იციან, დაიწყო თუ არა გამოძიება. On.ge უკვე მეორე დღეა ცდილობს, უწყებიდან მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულზე.

ამ ფაქტს 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. გომელაურმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვეოდა.

გაიგე მეტი: