შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გამოძიება, უპირველეს ყოვლისა, შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ "უნდა აჰყვე ზევით". ასე პასუხობს ის რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების შესახებ.

"გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით, ხომ? წესი ასეა. დავაკავეთ ეს ადამიანები, კიდევ ვმუშაობთ. გავაკეთე პირველადვე განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რამდენით გაიზრდება, ვერ ვიტყვი ზუსტად, რა თქმა უნდა, არ ვიცი", — განაცხადა მან.

5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, 27 ადამიანია დაკავებული. მათგან არცერთი არ არის ორგანიზატორი და ის პირები, ვინც კონტრაქციებზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და აორგანიზებდნენ.

16 ივლისს პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების, გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის სახლები გაჩხრიკა. ამის შემდეგ, განყოფილებაში გადაიყვანეს ზურაბ მახარაძე და მამა-შვილი ფალავანდიშვილები. გადაყვანილები იყვნენ ალტ-ინფოს წევრებიც, მათ შორის, კონსტანტინე მორგოშიაც.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

5-6 ივლისის ჰომოფობიურ კონტრაქციებზე დარბევებსა და ძალადობებს აორგანიზებდნენ და ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდნენ ფალავანდიშვილი, მორგოშია და მახარაძე. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ საზოგადოება აქტიურად ითხოვს ორგანიზატორების დასჯას, ისინი დაკავებულები არ არიან. აქამდე, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

პარლამენტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მორგოშია იქ შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აორგანიზებს და სირცხვილიას ოფისისკენ გადასვლისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, ის ძალადობრივი და პრორუსული არხის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანია. ალტ-ინფო სიძულვილის გავრცელებას სხვადასხვა არხით ცდილობს. თავდაპირველად ის მხოლოდ ინტერნეტში "მუშაობდა", შემდეგ კი ტელევიზიაც დააფუძნეს და კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.