შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ ქართული ოცნება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დატოვოს, დაემორჩილება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"თუ გულისხმობთ, ჩემი თანამდებობის დატოვება-არდატოვების თემას, რა თქმა უნდა, არის პრემიერი გვყავს ჩვენ, გვყავს პოლიტსაბჭო, არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა, არ უნდა დავტოვო თანამდებობა, მე სწორად ვიმოქმედე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ შემთხვევაში, 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.

აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, გადადგომას ვგულისხმობ, მე უნდა დავტოვო თანამდებობა, თუ არ უნდა დავტოვო თანამდებობა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, მე გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები", — თქვა მან.

გომელაურის გადადგომის მოთხოვნა საზოგადოების ნაწილში 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ გაჩნდა. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს და მომდევნო დღეებში გავრცელდა.

6 ივლისის ძალადობის გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მოძალადეები მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. პოლიცია მოძალადეებს აკავებდა, თუმცა საღამოს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანა და მოძალადე ჯგუფები რუსთაველზე შეუშვა. მათ მეორედ ჩამოგლიჯეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ამ ძალადობრივი მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა.