შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დრომდე არ იყო ინფორმირებული ფაქტზე, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და აღარ უბრუნებს. როგორც მან Rustavi 2-ის ეთერში თქვა, ახლა მოახსენეს და აუცილებლად გაერკვევა.

"სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს, არ მინახია, რა მოხდა. აცილებლად მოვიკითხავ, ვერ გეტყვი ზუსტად, რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე, მომახსენეს ეს, სანამ შემოვიდოდი სტუდიაში. გავერკვევით აუცილებლად", — განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და აცხადებს, რომ არ დააბრუნებს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. ამის შემდეგ წულუკიანი ჟურნალისტს ეუბნება: "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". გარდა ამისა, თეა წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და წერს, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". წულუკიანის აზრით, ჟურნალისტი განაიარაღა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე On.ge-სთან განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. ეს მუხლი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თუ წულუკიანი მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.

გაიგე მეტი: