ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, იმ სიტუაციაში, სადაც მან თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით ტრიბუნიდან გაიყვანა, "აგრესორი" ენმ-ის დეპუტატი იყო.

"მე იმავე დღეს გამოვთქვი წუხილი ქალბატონ თინასთან. წუხილი იმის გამო გამოვთქვი, რომ მომიწია სწორედაც მანდატურის ფუნქციის შესრულება იმ დღეს და იმის წინა სხდომაზეც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, დეპუტატებს მოგვიწია მანდატურის ფუნქციის შეთავსება, მაგრამ ამავე დროს და რა თმა უნდა, წუხილს გამოვთქვამ და არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ტერმინები არ უნდა ავრიოთ, აგრესორი არის აგრესორი და აგრესორობა სქესთან კავშირში არ არის, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ქალბატონი თინა იმ დღეს იყო აგრესორი. ის იჭრებოდა სპიკერატში, სპიკერის ნების მიუხედავად, მას აკავებდა ორი მანდატური. დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, თუ გინდათ იყოთ გულწრფელი და ამ გულწრფელობით შეხედეთ თვალებში ერთმანეთს", — განაცხადა პაპუაშვილმა.

ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც მის მიერ დეპუტატი ქალის ძალის გამოყენებთ გაყვანაზე თავდაპირველად ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

18 ივლისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კოლეგა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან. როგორც ბოკუჩავა ამბობს, პირველად ამის მცდელობა ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ლევან მგალობლიშვილს, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თავად პაპუაშვილი ამ ფაქტს ძალადობად არ მიიჩნევს. "დაბრალებებს არ ვიყოთ" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ქალები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ქართული ოცნების დეპუტატ კაცებს, შალვა პაპუაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივიან.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვენ ადეკვატურ რეაგირებას იმ კაცი დეპუტატებს ქმედებებზე, რომლებმაც ქალი დეპუტატების პროტესტს ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ.

მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის ამბობს, რომ გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა, მით უფრო პარლამენტში.

გაიგე მეტი: