ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ. "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" — უთხრა მათ პარლამენტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა, თუმცა არ განუმარტავს, რა საფრთხის შემცველია უფლებადამცველი ქალების შესვლა პარლამენტში.

"მე ვარ პარლამენტის წევრი და მე უნდა მივიღო ადამიანი, რომელსაც ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვს. მევალება მე ეს კანონით, ჩემი სურვილი კი არ არის. თქვენ გეუბნებიან, რომ არ შემოუშვათ, რომ უნდა ამიხსნათ, რატომ არ უშვებთ", — უთხრა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დაცვის სამსახურის წარმომადგენელს.

მან დეპუტატს უთხრა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს პარლამენტში შესვლა შეზღუდულია, თუმცა მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა.

ქალთა მოძრაობა, სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები და ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები დღეს პარლამენტში ბრიფინგის გამართვას და მმართველი პარტიის კაცი დეპუტატების პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებდნენ. საქმე ეხება 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ვიზიტისას მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატი კაცები ნაციონალური მოძრაობის წევრი ქალების პროტესტს ხელს ფიზიკური ძალის გამოყენებით უშლიდნენ. ასევე, 12 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც პროტესტის ნიშნად ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერ ტრიბუნის ბლოკირების მცდელობას ქართული ოცნების კაცი დეპუტატების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა.

გაიგე მეტი: