აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ინვესტორების მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა მზარდია. ამის შესახებ იმ ანგარიშშია საუბარი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატია შეფასებული.

"საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია. თუმცა, შეინიშნება მზარდი უნდობლობა სასამართლო სისტემის უნარში, განიხილოს კომერციული საკითხები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნეს დავა წლების განმავლობაში იწელება. ნაწილი კომპანიებისა კი მიუთითებენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების ნაკლოვანებებზე"

აქ აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე რჩება.

გარდა ამისა, აქ მითითებულია, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა პრობლემურ საკითხად რჩება. ანგარიშში მოყვანილია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვა საქართველოს შესახებ და აღნიშნულია, რომ ბევრი ინვესტორი საქართველოს სასამართლო პროცესებს აღიქვამს, როგორც ნელ, არაეფექტურ და ნაკლებად გამჭვირვალეს, რაც ინვესტიციებზეც მოქმედებს.