პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრის პარტია თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავს ყველას, ვინც პოტენციურად ძლიერი ოპონენტი იქნება. ასე პასუხობს ის ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა აჩი არველაძის კანდიდატურა მათ პარტიაში.

"განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც პოტენციურად იქნება ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა თბილისის მერობისთვის", — თქვა მან.

თუმცა მისი თქმით, ჯერ პარტიაში გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი და ამაზე კონსულტაციები გრძელდება.

"პიდაპირ გიპასუხებთ, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ", — აცხადებს ის.

20 ივლისს მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი მსჯელობს საერთო კანდიდატის დაყენებაზე, ხოლო ნაწილი საუბრობს ე.წ. მესამე ძალის შექმნაზე. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის — ელენე ხოშტარიას განიხილავდა. თუმცა ის არ ამბობს, რაზე შეჯერდნენ პარტიები საბოლოოდ.