ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ქალები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ქართული ოცნების დეპუტატ კაცებს, შალვა პაპუაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივიან.

საქმე ეხება 18 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პარლამენტში ვიზიტისას მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატი კაცები ნაციონალური მოძრაობის წევრი ქალების პროტესტს ხელს ფიზიკური ძალის გამოყენებით უშლიდნენ.

"მე, ქ-ნი ანა [წითლიძე] და ქ-ნი თინა [ბოკუჩავა] ვიყავით იქ და ფაქტობრივად ჩვენზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა [...] ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პირობებში ამათ არ ექნებათ არანაირი გამოძების სურვილი, თავისიანს ხომ არ დასჯიან?! მაგრამ, ეს არის ეთიკის კომიტეტი, რომელიც ვალდებულია, რომ განიხილოს ეს საკითხი და ვალდებულია, რომ გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, რაც მოხდა იქ", — განაცხადა დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილი დაპირისპირების დროს საპროტესტო პლაკატით ხელში მაგიდაზე ავიდა, რა დროსაც ირაკლი ზარქუამ ის ძალით ჩამოიყვანა. თავად ზარქუა ამბობს, რომ კოლეგა ქალი "მოკრძალებულად ჩამოიყვანა" მაგიდიდან.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მისი განცხადება შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგაა. პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნისკენ მიმავალი ბოკუჩავა ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოიყვანა ადგილიდან. თავად ბოკუჩავა ამბობს, რომ თავდაპირველად ამის მცდელობა მგალობლიშვილს ჰქონდა, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

პაპუაშვილიც, ზარქუას მსგავსად, არ ფიქრობს, რომ მისი საქციელი ძალადობა იყო: "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?" — დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ეთიკის საბჭოში არა, თუმცა სასამართლოში ჩივილს აპირებს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი ქალი, ანა წითლიძე. მან On.ge-ს უთხრა, რომ ამზადებს სარჩელს დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უჩივის. წითლიძის თქმით, ინციდენტი 12 ივლისისს მოხდა, როცა ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ტრიბუნასთან ავიდნენ, რის გამოც სხდომის გაგრძელება დროებით შეფერხდა.

18 ივლისს, პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯა მოითხოვეს. პარალელურად, ჟურნალისტებმა გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას საქმის ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით პლენარული სხდომის დარბაზში საპროტესტო ბანერი გადმოფინეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომა დატოვა. ქართულმა ოცნებამ ჟურნალისტების ბანერის ჩამოხსნა სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შს მინისტრის მოსმენის გადადება დააანონსა. ეს ინიციატივა ჯერ თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გამოთქვა, შემდეგ ამაზე სასაუბროდ ჟურნალისტებთან მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, ბოლოს კი დეპუტატი ირაკლი ზარქუა. ჟურნალისტების პოზიცია იყო, რომ ბანერი პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა და ის არ უშლის ხელს სხდომის გაგრძელებას. საბოლოოდ, კახა კუჭავამ, თანაპარტიელებთან შეთანხმებით, გომელაურის მოსმენის გადადებ გადაწყვიტა.

გაიგე მეტი: