პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მათ პარტიას ვინმესთან ალიანსი არ სჭირდება და განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან.

"არ ვთვლით, რომ ჩვენს პარტიას სჭირდება ვინმესთან ალიანსი, მით უმეტეს, ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც არც განვიხილავთ და ვერც განვიხილავთ, ამიტომ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებელი კანდიდატები ეყოლება ჩვენს პარტიას თბილისშიც და რეგიონებშიც", — ამბობს მეზვრიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი, კახა კალაძე რეიტინგულია, მაგრამ უკონკურენტო არავინ არ არის.

"ფაქტია, რომ კალაძე საკმაოდ რეიტინგული კანდიდატია და არ იქნება მარტივი, მათ შორის ოპოზიციისთვის, მისთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა უკონკურენტო არავინ არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება თბილისში, ჩვენი კანდიდატები გვეყოლება რეგიონებში, საკმაოდ ღირსეული კანდიდატები და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, მათ შორის კახა კალაძეს და ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილ სხვა კანდიდატებსაც", — აცხადებს ის.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

20 ივლისს ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.

გაიგე მეტი: