21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,095 ლარი გახდა, რაც, აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით, 0,14 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0,55 თეთრით გამყარდა და ერთი ევრო 3,6437 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით ამაზე მეტად გამყარებული ბოლოს 2020 წლის სექტემბერში იყო.

ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენციით გამოირჩევა, რასაც ექსპერტთა ნაწილი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებს. ასევე, ფაქტორად სახელდება საგარეო ვაჭრობის დადებითი დინამიკა — აქ ექსპორტის ზრდა იგულისხმება.

ლარის გამყარებას ასევე ხელს უწყობს ტურიზმის გააქტიურება, რადგან ვიზიტორებს საქართველოში უცხოური ვალუტა შემოაქვთ. შესაბამისად, ტურისტული სეზონის დადგომა, როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გამყარებაზე დადებითად აისახება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, 22 ივლისს შევა ძალაში.