სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაციონალურ მოძრაობასთან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ აქვს, თუმცა ადასტურებს, რომ საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და "საზოგადოებისთვის საინტერესო" ადამიანთან. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ზოგადად ვსაუბრობთ ყველასთან, კონკრეტულად პარტიებზე ვერ გეტყვით, ვისთან რა კუთხით ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან და არა მარტო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ ვსაუბრობთ ასევე, საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება ექსპერტული წრეებიდან იყოს და ასე შემდეგ, რომელთან ერთადაც გვინდა ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია ქვეყნის გადარჩენის, რაც არის ალტერნატიული საინტერესო არჩევანის გაჩენა, რომელსაც დიდი ხანია ქართული საზოგადოება ელოდება [...] ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციები ნამდვილად არ გვაქვს", — განაცხადა მან.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

20 ივლისს მმართველმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი ნაწილი მსჯელობს საერთო კანდიდატის დაყენებაზე, ხოლო ნაწილი საუბრობს ე.წ. მესამე ძალის შექმნაზე. ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის — ელენე ხოშტარიას განიხილავდა. თუმცა ის არ ამბობს, რაზე შეჯერდნენ პარტიები საბოლოოდ.