ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია განმარტებით, კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაციის ინტერვალის შემცირება ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაცია იყო. მისი თქმით, ვაქცინების დეფიციტის გამო, აქამდე 120-დღიანი ინტერვალი ჰქონდათ შემოღებული, რაც 30 დღემდე შეამცირეს.

"ვინაიდან ქვეყანაში გვქონდა მცირე რაოდენობა ვაქცინების პირველ ეტაპზე, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აბსოლუტურად აღმოფხვრილია, ამდენად ეს ინტერვალი შემცირდება ისევ 30 დღემდე, როგორც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაცია. ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეს და აიცრას", — განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, 30-დღიანი ინტერვალი იქნება დამატებითი ბუსტერი იმ ანტისხეულებისთვის, რომელსაც ორგანიზმი ინფიცირების შემდეგ გამოიმუშავებს.

"ჩვენ შევაჯერეთ, სხვადასხვა, ამერიკული, ბრიტანული, გერმანული და სხვა რეკომენდაციები და დღეს მივიღეთ, რადგან ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობია, რომ აიცრან ადამიანები", — აღნიშნა მან.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბრძანების მომზადება ამ კვირის ბოლოს დასრულდება და სავარაუდოდ, ორშაბათიდან ეს ჯგუფებიც შეძლებენ აცრას.

20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირებიდან 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში იქნება შესაძლებელი.