საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დღეს, 8 მარტს, ქალთა დღეს, ქალთა პრობლემების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, პრობლემები კვლავ გადაუჭრელია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, სექსუალური შევიწროების რეგულაციის, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის და სხვადასხვა კუთხით.

"სამწუხაროა, რომ ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ საკანონმდებლო ორგანოში. ქალებს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი უშლით ხელს იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ჰქონდეთ კარიერული წინსვლა. გარდა ამისა, კვლავ დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია," - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი გამოხატავს სოლიდარობას ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის აქციის მიმართ.