ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ნორვეგიის ქვიშის ხელბურთის ქალთა გუნდი €1 500-ით დააჯარიმა. ამის მიზეზი გუნდის წევრთა "შეუსაბამო" ჩაცმულობა გახდა — ქალებმა ბულგარეთში მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაზე სავალდებულო ბიკინის ქვედატანების ნაცვლად "შორტები" ჩაიცვეს.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის განმარტებით, მონაწილეებმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი რეგულაციებიდან ერთ-ერთი დაარღვიეს, რომელიც ქვიშის ხელბურთის თამაშისას სპორტსმენების ჩაცმულობას უკავშირდებოდა.

ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჯარიმას ფედერაცია თავად გადაიხდის. ფედერაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენეს ისეთი აღჭურვილობა ჰქონდეთ, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ფედერაციამ განაცხადა, რომ ქალების საქციელით ამაყობს.

ფოტო: Getty Images

"ნორვეგიის ხელბურთის ფედერაცია თქვენ გვერდითაა და მხარს გიჭერთ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ტანსაცმელთან დაკავშირებული წესების შესაცვლელად, რათა მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ისეთი ტანსაცმლით ივარჯიშონ, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ", — აცხადებს ფედერაცია.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის გუნდმა ევროპის ხელბურთის ფედერაციას მოკლე შარვლის ჩაცმის ნებართვა მატჩამდე სთხოვა, თუმცა ფედერაციისგან უარი და დაჯარიმების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ევროპის ფედერაციამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დაინტერესებულ პირებთან მსჯელობისთვის მზადაა, თუმცა წესებში ცვლილებები მხოლოდ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თანხმობით შევა.

"ეს დიდი სისულელეა. ამ მაჩო და კონსერვატიულ საერთაშორისო სპორტში გარკვეული მიდგომები უნდა შეიცვალოს", — აღნიშნა ნორვეგიის კულტურისა და სპორტის მინისტრმა აბიდ რაჯამ, რომელიც გუნდს მხარდაჭერას უცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ეს სპორტში სექსუალიზების პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ამ პრობლემას გერმანელი ტანმოვარჯიშეები საკუთარი კოსტიუმებით დაუპირისპირდნენ. გერმანელი ტანმოვარჯიშე სარა ფოსი ორ თანაგუნდელთან ერთად ჩემპიონატზე გამოჩნდნენ კოსტიუმებით, რომლებიც სხეულს მთლიანად ფარავდა.